თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90 პროცენტს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი, თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება, – ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ის მიერ დასმულ შეკითხვას გასული წლის 30-31 დეკემბერს, მის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ უპრეცედენტო მასშტაბის აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა მედიამ საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინა, მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ თვალი დახუჭეს – საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და მასზე კარგს ხომ არ იტყოდნენ?
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ეკონომიკური ჟურნალების მიერ შეფასებული მისი ქონება არ ასახავს რეალობას და 5 მილიარდის ნაცვლად ივანიშვილი მხოლოდ 1,5 მილიარდს ფლობს, ამ აქტივების 90%-ის გადასცემს საქველმოქმედო ფონდს და ოჯახს მხოლოდ 200 მილიონს უტოვებს. ივანიშვილის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ გაღარიბდა, რადგან ერთი ქართველის კერძო ქონება ამიერიდან ყველა ქართველის იქნება. „რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი!“ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.