საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ. ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორები – ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ყოველთვიურ სტიპენდიად დაენიშნებათ 800, ხოლო ევროპის ჩემპიონებს 400 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო უმასპინძლებს პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ტოკიოშივე, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება პარაოლიმპიური თამაშები. წელსვე, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ ჩანიშნულია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღონ ყოველთვიური სტიპენდია.

Previous articleბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ უპრეცედენტო მასშტაბის აქტივები გადასცა
Next articleმდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია