რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13-კილომეტრიანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.
ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს.
სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს.