ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.
დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე, კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ამ ეტაპზე სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
ბინების განაწილების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ, დაიხურება.
ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.