რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში, 53 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა – 2023 წლისთვის.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.