მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ახალი ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს, განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

Previous articleზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია
Next articleამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით