ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.
არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს. კერძოდ, მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება.
ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი, სულ მცირე, 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით, ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2020-2021 წლებში არის დაგეგმილი.