გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, აშენდება სპორტული მოედანი.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობა.
პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყოფა და საზოგადოების თავშეყრის და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების აქტიური ადგილი გახდება.
სამუშაოები 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი ღირებულება, დაახლოებით, 3.7 მილიონ ლარს აღწევს.