კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს” დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მდებარე წმ. სტეფანე დიაკონის სახელობის ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. რესტავრაციის პროექტი 2016 წელს დამტკიცდა, ხოლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა.
პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ეკლესიის ძირითადი ნავის სრულ რესტავრაციას. სამუშაოები არსებული და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით შესრულდა.
მეორე ეტაპი, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, ითვალისწინებდა სამი მინაშენის სრულ რესტავრაციას.
შესრულებული სამუშაოების შედეგად, პირველ რიგში, მოხდა 80-იანი წლების რესტავრაციის დროს აშენებული კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი. დემონტაჟი შეეხო ცემენტით ნაგებ მონაკვეთებს.
რთულ ხსნარზე (კირი-ცემენტი) მოხდა სამივე მინაშენის კედლების აღდგენა. დასავლეთით მოეწყო ორთაღიანი შირიმის ქვაში გათლილი ძირითადი შესასვლელი. მინაშენების მთელ პერიმეტრზე დალაგდა შირიმის ქვაში გათლილი თარო კარნიზი.
აღდგენილი სამივე მინაშენი გადაიხურა ხის კონსტრუქციით. მოეწყო ტოლის ჰიდროიზოლაციის დამცავი ფენა და დაეფარა მეორადი ქართული კრამიტი.
იატაკები მოიჭიმა კირხსნარით. დაზაინებული კედლები ინტერიერში გამოილესა და აღდგა. ზოგგან გაკეთდა ინექტირება. ნაწილობრივ შეიცვალა საპირე წყობის ქვები.
ძირითად მოცულობის ღიობებში შეიკიდა ხის, რკინით მოჭედილი სამი დიდი ზომის კარი.
წმ.სტეფანე დიაკონის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა VI საუკუნეს განეკუთვნება.