ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშნებელობა ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ფონდიდან უნივერსიტეტისთვის მილიარდი ევრო გამოიყო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან.
STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის. ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.