საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურისა და მიმდებარე სოფლების – გუთურის, დაბლაციხის, ფარცხმის, ჩაისუბნის, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების, ამაღლების, გორაბერეჟოულის, ერკეთის, ზემო და შუა სურების, ბუკისციხის, დიდი ვანისა და სხვა – 24 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრი გურიის რეგიონში რიგით მეექვსე იქნება.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.