მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.
შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. მარნეულში მშენებარე კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალი იქნება და მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეში, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.