თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვა M4 ტიპის შაშხანებით მოხდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვედანაყოფები მომარაგდებიან ნატოს სტანდარტების აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით.
„ვავითარებთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. ჩვენს ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება, 20, 30 წლის ტექნიკით, რაც დამეთანხმებით, რომ სტანდარტს არ შეესაბამება. წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება, M4 ტიპის შაშხანებით. M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. მინდა ასევე აღვნიშნო, ავიაციის განვითარების მიმართულებით „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობა. თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ბალანსზე არსებული სუ 25-ებისა და მოიერიშე ვერტმფრენების რეაბილიტაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.