თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს.
როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით.
„ვავითარებთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. ჩვენს ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება, 20, 30 წლის ტექნიკით, რაც დამეთანხმებით, რომ სტანდარტს არ შეესაბამება. წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება, M4 ტიპის შაშხანებით. M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. მინდა ასევე აღვნიშნო, ავიაციის განვითარების მიმართულებით „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობა. თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ბალანსზე არსებული სუ 25-ებისა და მოიერიშე ვერტმფრენების რეაბილიტაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება.
„ ყველა რეფორმა რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ეს პრობლემები არ ყოფილა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი, ეს პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემებია, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ. დავიწყეთ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“- განაცხადა ღარიბაშვილმა.