გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა ხდება. ორივე ქუჩაზე ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები და ახალი მოსაცდელები.
აღნიშნული ორი ქუჩა ცენტრალური დანიშნულებისაა, რომლის საშუალებითაც გლდანის რაიონის რვა მიკრორაიონის მცხოვრებლები ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და შიდა საუბნო გზებს უკავშირდებიან. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს. მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.