ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა.
ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.
აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა.
„პისიარ“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.