მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სასამართლოების ხელმძღვანელებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს!
ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ამ წლის საქმიანობის ანგარიში. მე შევეცდები თავიდან, ერთგვარი შესავლის სახით, ჩვენი ანალიზი გაგიზიაროთ. ასევე გაგიზიაროთ ჩემი შეფასებები იმ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში. ასევე, ჩემს ანგარიშში შევეხები იმ მიღწევებს, რომლებსაც ჩვენ, მთელმა გუნდმა, მთავრობამ და პარლამენტმა ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად მივაღწიეთ. ასევე მინდა შევეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მოლოცვით კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენმა გუნდმა და მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას – ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა. ეს, ბუნებრივია, არ ყოფილა მარტივი და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდი, ეტაპი გავიარეთ; ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად, ბევრი განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს, მეგობრებო. მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ და მოვედით დღევანდელობამდე.
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები. მე ადრეც მითქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება” – დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შემდეგ კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან, ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა; მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს – ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს; მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფებისა და, რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. მადლობა! გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს!
მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას; მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა ევროპულ გზაზე და მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან; ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატებისა; მაგრამ, მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი, ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასიათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია – 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება, მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ომის შედეგად იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული, ზოგადად, მთელი მსოფლიო და, ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე; როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს. აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო, ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ჩვენი ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი; ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით, პირიქით, შეიძლება ითქვას, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით ჩვენს მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვიყავით სრულ კოორდინაციაში. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ევროპელი, დასავლელი, ამერიკელი მეგობრები არიან სრულად ინფორმირებულნი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის, ამოცანისა და მიზნის შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს.
მე მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენიმე თვის წინ, მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი – ბატონი ო’ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი – ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების ან არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ეს ასეც მოხდა. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-ამდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-ამდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდებისა, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ, შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენ მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ფინანსთა სამინისტროს მე მინდა მადლობა გადავუხადო – ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ კარგად გახსოვთ,რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო და უმუშევრობაც ამდენივე. არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, დემოკრატიაზე ჩვენ, რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ასე ვთქვათ ეკონომიკით, რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა გავაკეთო, მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა, ბიზნესი იყო აბსოლუტურად დემოტივირებული, არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები; ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომლებიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
ჩვენ ასეთ ვითარებაში შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი; დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების” მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე; ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში; ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 3 წელიწადში, ბოლო 3 წელიწადში, გაიზარდა 30 მილიარდი ლარით მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს. ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევა- კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული, ასე ვთქვათ, კონტროლი მოვახერხეთ; ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის, 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან, რაც გვქონდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც, საფრთხეც მთლიანად მოხსნილია. შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.
რაც შეეხება, ზოგადად, დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, აქაც შეგვედარებინა – 2012 წელს საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში.
ასევე ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2000 ლარამდე.
მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-ამდე ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ 3 წლის წინ უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით – მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება.
ბიუჯეტის დეფიციტს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ; დაბალ დეფიციტს ვინარჩუნებთ, წელს იყო 2.8 %, გაისად იქნება 2.5 %.
ასევე მინდა მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ, ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი, აი, მაგალითისთვის 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბრის თვეში, 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, 75 მილიარდი ლარი. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტი ზრდა, რა თქმა უნდა, კურსის ეფექტის ჩათვლით. ასევე 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, ეს ძალიან საინტერესო მონაცემებია სხვათა შორის, ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2,8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით – 4,9 მილიარდ ლარს; წელს, ოქტომბერში -ეროვნული ვალუტით 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა – ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები.
ეს რას ნიშნავს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემო კოლეგებო? ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება.
ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდაა ბოლო 11 წელიწადში.
2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი.
2012 წელს უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე -17%-ამდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-ამდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალისა და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6 % იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ მილიონ 366 ათასს მიაღწია, რაც ასევე რეკორდულია.
ბოლო 11 წლის განმავლობაში სიღარიბე, ფაქტობრივად, განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
ეს არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი.
ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 ათასით.
მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 ათასიდან 205 ათასამდე გაიზარდა.
ახლადრეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა შარშან, 2012 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა – 40 ათასიდან 77 ათასამდე.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემები მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.
ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ.
ასევე 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 3-ჯერ ბიზნესსექტორის გამოშვება – 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.
უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში, ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა, 143 მლრდ ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მლრდ ლარი.
ასევე კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი მხოლოდ. წელს ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის წლევანდელი მონაცემი. მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. სხვათა შორის, ეს ინიციატივაც ეკუთვნის პარტიის დამფუძნებელს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა, რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რომ იტყვიან, რეალურად ამოისუნთქა და სახეზე გვაქვს, ბუნებრივია, შედეგი, რომელზეც ახლა გესაუბრებით.
2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ეს არის 135%-იანი ზრდა. წელს, იანვარ-ნოემბერში, საქონლის ექსპორტი 11 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით ეს არის თითქმის 2.5-ჯერ ზრდა.
კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ. ინფორმაცია შეეხება დასრულებულ მშენებლობებსა და, ზოგადად, უძრავი ქონების ფასს. ხომ საინტერესოა, ზოგადად, გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ სექტორში. 2013 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობმა 23.5 მლნ კვ/მ შეადგინა. მათ შორის – დასრულებული საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი 15.1 მლნ კვ/მ-ს შეადგენს.
ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ კვ/მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას – 0.8 მლნ კვ/მ იყო მაშინ.
მათ შორის აჭარაზე მინდა მოგახსენოთ. 2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათასი კვ/მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ/მ, დღეს არის 300 000. ეს კონკრეტული შედეგი ასევე წარმოგიდგინეთ.
ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ კვ/მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს, 0.3 მლნ კვ/მ იყო მაშინ.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის.
2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ბაზრების მოცულობა გაზრდილი არის 6.5-ჯერ. ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპასთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა და მოქმედებს ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ჩინეთთან, ბრიტანეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა. შედეგად ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.
ასევე ჩვენ წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ესეც დამატებით 10-მილიონიანი ბაზარი დაემატება ჩვენს ქვეყანას. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან, ისრაელთან და საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან ამავდროულად. ეს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ და ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს.
ასევე მინდა შევეხო წლევანდელ კიდევ ერთ აღიარებას. საქართველოს პროგრესზე მეტყველებს, ზოგადად, OECD-ს ბოლოდროინდელი კვლევა და გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც შეეხება „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს”. საქართველო აქ კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვლევა აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანისეული კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 12-დან 11 მიმართულებაში.
ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მცირდება ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენა. ესეც ძალიან საინტერესო მაჩვენებელია.
გაისად უკვე ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 45 პროცენტამდე იზრდება. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის – ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს გაწევრიანების მომენტში დაახლოებით მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ.
თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა უკვე დღეს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის;
ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის;
მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას;
ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 17 ქვეყანას.
მოგეხსენებათ, მეგობრებო, ბოლო 11 წელიწადში არაერთი პროგრამა დავნერგეთ და განვახორციელეთ, რაც ახლაც გრძელდება. მე გავიხსენებდი პროგრამას „აწარმოე საქართველოში”, რომელიც შეიქმნა 2014 წელს. დღემდე სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-ამდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება.
ასევე მინდა შევეხო მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას. ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 000-ზე მეტი – ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43% ქალი მეწარმეა. წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1,140 პროექტი, მათი 50% ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა შეადგენს 116 მილიონ ლარს.
ჩვენ ასევე დავიწყეთ სრულიად ახალ სექტორებზე მუშაობა, უმსხვილესი კომპანიების მოზიდვით ქვეყანაში შეიქმნა ორი ახალი მიმართულება – ეს არის IT მიმართულება და ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ე.წ. BPO. დღეს ეს მიმართულებები საქართველოში ათიათასობით ადამიანს ასაქმებს.
ბოლო წლებში ქვეყანაში დაიწყეს ოპერირება მსოფლიოს წამყვანმა ცნობილმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix-ი, Indorama, Teleperformanc-ი და სხვა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მეგობრებო, ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჩვენი მთავრობისა. მოსვლის დღიდან ჩვენ სოფლის მეურნეობას მაქსიმალურად ვეხმარებით.
2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მლნ ლარს შეადგენდა.
წელს 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს იქნება 688 მლნ ლარი. თითქმის 7-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 112%-ით გაიზარდა და შეადგინა 15 მილიარდ ლარზე მეტი. ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით – 4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.
ჩვენ მიერ დაწყებული პროგრამის „დანერგე მომავლის” ფარგლებში დაფინანსებულია 22 ათას ჰექტარზე მეტი ბაღების გაშენება და სარწყავი სისტემების მოწყობა. 22 ათასი ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა ბოლო 11 წელიწადში.
2013 წლიდან დღემდე 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი; წლევანდელი 10 თვის მონაცემით პროგრამით 7 700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული 890 მლნ ლარზე მეტი სესხიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 200 მლნ ლარზე მეტია. ეს მხოლოდ წლევანდელი მონაცემი გაგიზიარეთ.
ჩვენ ასევე ვეხმარებით მაქსიმალურად ჩვენს ფერმერებს, რომ განავითარონ პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები. ჯამში დაფინანსებულია 240 საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად ყოველწლიურად 250 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნება; შემნახველი საწარმოების ტევადობა 140 000 ტონას მიაღწევს.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს, მთავრობის მხრიდან გამოიყო ათეულობით მილიონი. სულ რაღაც ბოლო 4 წელიწადში 75 მლნ ლარი არის გაცემული და 5 000-ზე მეტი ერთეული ტექნიკის შეძენაში დაეხმარა მთავრობა ჩვენს ფერმერებს ბოლო 3-4 წელიწადში.
11 თვის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს;
2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2012 წელს და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს აქაც;
მე მინდა შევეხო ასევე რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს, რომლებიც უკავშირდება ასევე „ქართული ოცნების” მმართველობას, ზოგადად ღვინის ინდუსტრია და მევენახეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
2012 წელთან შედარებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით – 290%-ით ბოლო 11 წელიწადში. სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების, აქაც გვაქვს დაახლოებით 75-პროცენტიანი ზრდა. ტენდენცია, რა თქმა უნდა, გრძელდება წელსაც, წელს 11 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტმა მიაღწია უკვე 241 მლნ აშშ დოლარს;
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილი არის 130%-ით, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ უკვე წელს 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ 2024 წელსაც. ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირში ხორციელდება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება;
კიდევ ერთი მონაცემი, რაც მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობა ჯამში იყო 40, 2012 წელს 40 ღვინის საწარმო და მარანი იყო ქვეყანაში, დღეს 2500 აღწევს ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობა, აი, ამხელა პროგრესი გვაქვს ბოლო 11 წელიწადში;
რა თქმა უნდა, ჩვენ ვავითარებთ და მაქსიმალურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მეტი მიწა გაწყლოვანდეს, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობისა.
2012 წელს 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში. მიმდინარეობს ამჟამად 98 მლნ ლარის ღირებულების 48 სამელიორაციო კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება ტურიზმსა და ავიაციას, წელს ძალიან წარმატებული გამოფენა მოეწყო ბერლინში, სადაც მოგეხსენებათ, რომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო. 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, რომ გასცნობოდა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. საქართველომ მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებულად ჩაატარა აი, ეს გამოფენა;
ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი) გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს უკვე სამ კვარტალში გვაქვს 3.3 მილიარდი დოლარი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია;
ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1,4 მილიონ მგზავრს. წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ, აი, ამხელა ზრდა გვაქვს ტურიზმშიც ბოლო 11 წელიწადში;
ასევე შედარებისთვის, მეგობრებო, 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 კომპანია, წელს 50 ავიაკომპანიაა შემოსული ქვეყანაში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს;
ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურება. წელს ველოდებით 1.7 მილიონ მგზავრს, აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, მოგეხსენებათ;
ბათუმშიც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო, 650 000 მგზავრს მოემსახურება ბათუმის აეროპორტი წელს.
ეს ტენდენციები გრძელდება, ძლიერდება. უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია, ჩვენ ჩინეთთანაც გავხსენით ახლა, რამდენიმე თვის წინ უვიზო რეჟიმი, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ ბაზართან თანამშრომლობის გაღრმავებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ასევე აქტიური მუშაობის შედეგად ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიასთან მოვახერხეთ მოლაპარაკება და დაინიშნა უკვე რეგულარული ფრენები, სექტემბრიდან გაიზარდა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ინდოეთშიც. ჩვენ, ცხადია, გვჭირდება აეროპორტების მეტი განვითარება, იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ ახალი აეროპორტის განვითარების შესახებ, რომელზეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯება და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის, რომ შეიქმნას ქვეყანაში საერთაშორისო დონის,კლასის აეროპორტი, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სატვირთო და სამგზავრო ტერმინალებით.
ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, მიიღებს მეტ ავიარეისს, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავ ოპერირებას.
ჩვენ თელავში უკვე დავიწყეთ და ვიწყებთ აქტიურად უკვე მშენებლობას, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც იქნება 50 000-ამდე მგზავრი და ოთხივე სეზონის განმავლობაში შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.
ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის განვითარებასთან. ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევაზე მხოლოდ ეს მაგალითებიც მეტყველებს:
ბათუმის კაპიტალურ პროექტებში 2012 წლამდე 485 მლნ ლარი დაიხარჯა (8 წელიწადში 2012 წლამდე). ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა – 14 მლრდ ლარზე მეტი: 2 მილიარდამდე ლარი – ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და კერძო ინვესტიციები 12 მლრდ ლარზე მეტი განხორციელდა ბათუმში ბოლო 11 წელიწადში, ეს შედარებისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ კურორტებს, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის უნიკალური კურორტის მოწყობაზე, სადაც დასრულებულია 20-ამდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2025 წელს გაიხსნება აბასთუმნის უნიკალური კურორტი, აქ სასტუმროები შენდება აქტიურად, დაახლოებით 16 სასტუმრო ვითარდება და თექვსმეტივე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად 2025 წელს უკვე;
ბოლო 10 წელიწადში, მეგობრებო, 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი 85 000-ამდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ჯამური ინვესტიცია მინიმუმ 2 მილიარდი ლარი არის განხორციელებული ამ სექტორში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ, ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. ის მეგაშოუები, რომლებიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არამხოლოდ – ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და დაესწრებიან ამ კონცერტებს. ეს დამატებითი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის, დამატებითი მიზიდულობა არის ჩვენი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის.
რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა. 130-ჯერ არის გაზრდილი, ზოგადად, ეს ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ აქ IT კომპანიებში დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს. ძალიან ბევრი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ, 250-ამდე ინოვაციური სტარტაპი არის დაფინანსებული ბოლო 11 წელიწადში. იზრდება საგრანტო პროგრამების საერთო მოცულობა. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ სტარტაპებმა მოიზიდეს 320 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-ამდე ახალი სამუშაო ადგილი;
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის მიერ საერთაშორისო IT კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო და 5%-იანი მოგების გადასახადი).
შედეგად, დღეისათვის საქართველოში 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს; მათ შორისაა ძალიან მსხვილი, ყველასთვის ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Rakuten-ი Viber-ი, Epam-ი, Lineate-ი და სხვა ძალიან ბევრი დიდი კომპანია.
რა თქმა უნდა, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-ამდე იყო დაახლოებით. შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ. ასევე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განვახორციელეთ. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და უკვე აშენებულია 800 კმ-ამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, მათ შორის 1000-ამდე სოფელი, მაღალმთიანი დასახლებები და ა.შ.
აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ წელს საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც „სტარლინკის” მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის.
რაც შეეხება ენერგეტიკას, მეგობრებო, მისი განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი არის ჩვენი მთავრობისა. 2012 წლამდე საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 3325 მგვტ-ს შეადგენდა. სადგურთა უმეტესობა იყო აშენებული საბჭოთა კავშირის დროს;
2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 140 მგვტ იყო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა 66 ელექტროსადგური და ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1200 მგვტ-ს, ჯამური ინვესტიციით დაახლოებით – 2 მლრდ დოლარს.
ეს არის კონკრეტული შედეგი ენერგეტიკის დარგშიც, რა თქმა უნდა, შედეგად ელექტროენერგიის გენერაცია, ექსპორტი და ტრანზიტი გვაქვს რეკორდული.
წელს უკვე გენერაციამ 11 თვის მონაცემებით შეადგინა 13 მლრდ კილოვატსაათი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის გამომუშავების ისტორიული მაქსიმუმი.
რეკორდულია ასევე ექსპორტიც და ტრანზიტიც ჩვენი ქვეყნის გამოყენებით. შემოსავლებმა შეადგინა ათეულობით მილიონი ლარი, რაც მიემართება ბიუჯეტში და, რა თქმა უნდა, ეს არის 4.5-ჯერ ზრდა, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს.
ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაზე, მათ შორის იქნება „ხუდონჰესის” პროექტი, ოღონდ ეს იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი და, ასე ვთქვათ, მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე და, ზოგადად, რეგიონზე. პირიქით, ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი, „ენგურჰესის” პროექტის შემდეგ. ეს იქნება მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის.
მოგეხსენებათ, ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის” პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესისა.
ასევე ვაგრძელებთ მუშაობას „ნენსკრას” განვითარების მიმართულებაზეც. დაგეგმილია 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება საქართველოში.
ახლა აქტიურად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიების ათვისებაზე. დღეს გაფორმებული გვაქვს 245 ხელშეკრულება; პოტენციური ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 3000 მგვტ-ზე მეტი, სავარაუდო გამომუშავება დაახლოებით 13 მლრდ კილოვატსაათი. ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
ჩვენ იცით, რომ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა სავალუტო ფონდთან და ჩვენს პარტნიორებთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც დაინერგა ახალი სქემა, ე.წ. CFD სქემა, და ჩატარდა პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრისა; გამარჯვებული 27 კომპანია არის გამოვლენილი, ჯამური გამომუშავება შედეგად იქნება 1,100 მლრდ კილოვატსაათი და მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.
აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის ქართული ინიციატივა. 2021 წელს მე ბრიუსელში ჩავიტანე ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტის სახით და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩაერთო ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი, მეგობარი რუმინეთი და უნგრეთი. ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ძალიან მალე გვექნება საბოლოო დასკვნა სახეზე და უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე.
რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი კომპანია არის გამოკვეთილი, ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი, უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე. ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა და აქაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, დანარჩენი – ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიზიდოს. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში.
მინდა, საინტერესო მონაცემები გაგიზიაროთ რკინიგზასთან დაკავშირებით. ბოლო 11 წელში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება გაზრდილი არის 300%-ით. 2012 წელს მოგება იყო 97 მილიონი ლარი, ხოლო შარშან იყო 400 მილიონი ლარი, ეს არის რკინიგზის მუშაობის კონკრეტული შედეგი. ასევე ჯამურად გაზრდილი არის რკინიგზის ჯამური შემოსავლებიც, 675 მილიონი იყო შარშან. ასევე მინდა გითხრათ, რომ სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლებიც გაზრდილი არის 38%-ით და შეადგინა 617 მილიონი ლარი.
გრძელდება, რა თქმა უნდა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც თითქმის დასრულების ფაზაში გადადის. 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და შედეგად 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება გამტარუნარიანობა.
ჩვენ ასევე დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც. შედეგად, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი. კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უსაფრთხოების დონის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ რეფორმისა. პარლამენტში არის უკვე, მოგეხსენებათ, წარდგენილი ეს პაკეტი.
რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო 5 სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. ასევე დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ გვინდა, რომ სრულიად ჩავანაცვლოთ ეს ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ჩვენმა მოქალაქეებმა იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით.
ახლა რაც შეეხება გზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, 2012 წლამდე აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2013 წლიდან დღემდე აშენებულია 3-ჯერ მეტი, ანუ 203 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს გაიხსნა 37 კმ მაგისტრალური გზა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი. მათ შორის წელს გაიხსნა 27 კმ-იანი მონაკვეთი რიკოთის მაგისტრალური გზის, რამაც შეამცირა მნიშვნელოვნად გადაადგილების მანძილი და დრო. ასევე გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. წელს გაიხსნა კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა; კახეთის მაგისტრალის შემდგომ ფაზებზე გადავდივართ, ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ 30 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი. ასევე წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, მე ასე ვიტყოდი; 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული დანადგარით გრძელდება. გვირაბის 8 კმ უკვე გაჭრილია. ახალი მონაკვეთი 11 კმ-ით შეამცირებს ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილს და მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება, რომ ეს მონაკვეთი გაიაროს.
რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჩვენ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობაც. წელს მიმდინარეობდა 1 000 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, საიდანაც სამუშაოები დასრულდა 500 კმ-ზე.
ჯამურად, ბოლო 11 წელიწადში, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 13.6 მილიარდ ლარზე მეტი; აშენდა და რეაბილიტირდა 16 000 კმ-ზე მეტი გზა. მხოლოდ წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 2 მილიარდ ლარზე მეტი. ეს არის კონკრეტული შედეგი ბოლო 11 წლის მუშაობის.
რეგიონებს რაც შეხება, ბოლო 11 წელიწადში, 10 800 კილომეტრამდე მუნიციპალური გზა დაიგო, 3.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა ამ გზების დაგება-რეაბილიტაციაში.
ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი მაშინ, როცა წელს ბიუჯეტი არის 1.914 მილიარდი ლარი, ანუ 5-ჯერ მეტი არის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი მაშინ, როცა გახსოვთ, რომ პატარა მონაკვეთებს სხვადასხვა მხრიდან ხსნიდნენ კვირაში რამდენჯერმე.
ასევე, რა თქმა უნდა, იცით თქვენ, ძალიან მოკლედ შევეხები წყალმომარაგების საკითხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წელთან შედარებით 15-ჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების ბიუჯეტი, 15-ჯერ არის გაზრდილი, იყო 30 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები და ახლა არის 500 მილიონი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები 170-ზე მეტ მდებარეობაში, რომელთაგან 60 წელს დასრულდება. შედეგად ჩვენ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
ასევე გაზიფიცირების პრობლემა იყო. 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი.
ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.
შედეგად, 2024 წლის ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე.
ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების ურბანული განახლება. მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება. 63 მუნიციპალიტეტში დასრულებულია პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები. 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-ამდე პარკს და სკვერს; რეაბილიტირდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში; პროექტების განსახორციელებლად დახარჯული არის 550 მილიონი ლარი.
წელს ჩვენ დავიწყეთ კიდევ უფრო ამბიციური პროექტის – „ქალაქებისა და კურორტების განვითარების” – 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა. პირველი შეფასებით მილიარდი ლარი მოხმარდება ამ ქალაქებისა და კურორტების განვითარებას. პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
გრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო. შეღავათებზე მიიმართა დაახლოებით 100 მილიონი ლარი შარშან, ხოლო წელს 121 მილიონი ლარია დახარჯული მაღალმთიანი რეგიონების დასახმარებლად.
მნიშვნელოვანია ფისკალური დეცენტრალიზაცია, მეგობრებო. ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად წლის ბოლოსათვის ჩვენ ველოდებით, რომ მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 100%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით მთავრობის მუშაობა. ჩვენ ბიუჯეტი გავახუთმაგეთ ამ მიმართულებითაც.
2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.
ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 1200 კმ-ამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი ატრაქცია იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის.
2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი; წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი, როგორც მოგახსენეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ასევე ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად: მსუბუქი ავტომობილებისთვის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული, ავტომობილი. გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე არსებულ, ასევე – რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.
ადრეული გაფრთხილების სისტემა ღონისძიებათა მთელ კომპლექსს გულისხმობს.
მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი. ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და პროცესი გრძელდება. ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი. წლის ბოლომდე დასრულდება რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს.
16 მილიონი ლარით გაიზარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი და მომავალი წლიდან იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები – მყინვარული ხეობების საფრთხეების შეფასება, მეწყრული უბნების მონიტორინგი და ადრეული შეტყობინების სისტემის გაძლიერება.
რაც შეეხება განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს, მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს უკვე 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული – 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. 300 %-იანი ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით ბოლო 11 წელიწადში.
2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.
ასევე ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს თითქმის 1000-ამდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია- მშენებლობას. ამ პროგრამის ფარგლებში მილიარდ 300 მილიონი იქნება გამოყოფილი და ყველა ბაღი მოეწყობა ერთიანი ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამჟამად 208 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტები მიმდინარეობს, ხელშეკრულებები გაფორმებულია უკვე.
რაც შეეხება სკოლების პროექტს, მოგეხსენებათ, რომ – ასევე ჩვენ შარშან დავაანონსეთ – დავიწყეთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა ქვეყანაში უნდა იყოს დასრულებული, გარემონტებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. აქაც საინტერესო იქნებოდა შედარება, 2012 წლამდე გაგეცინებათ და 16 ახალი სკოლა იყო აშენებული მხოლოდ -16 სკოლა აშენდა მხოლოდ. მანამდე რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდა, ისიც მხოლოდ „ქართუ” ფონდისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.
მთავრობას, წინა ხელისუფლებას არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. 16 სკოლა აშენდა მაშინ, როცა ჩვენ დროს უკვე აშენებულია 450 სკოლა და რეაბილიტირებულია. ახლა მიმდინარეობს უკვე, მოგახსენეთ, 880-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა. აი, ეს არის რეალური განსხვავება იმისა, თუ როგორ ზრუნავს დღევანდელი მთავრობა განათლებასა და მომავალ თაობაზე და როგორ ზრუნავდა წინა ხელისუფლება.
ასევე ანაზღაურების საკითხს მინდა შევეხო, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი, რაც გაზრდილია 270%-ით, დღეს არის 1230 ლარი.
ჩვენ ასევე მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ბიუჯეტიდან და ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით.
300 ლარი იყო, შეგახსენებთ, 330 ლარი იყო ხელფასი მასწავლებლების 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად იქნას დაფასებული მასწავლებლის ღვაწლი, მათი წახალისება გაგრძელდება მომავალში, ისევე როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რაზეც ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს.
დაწყებულია, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მოგახსენეთ, სკოლების რეაბილიტაცია- მშენებლობა. ამჟამად დაკონტრაქტებული არის 250-ზე მეტი სკოლის მშენებლობა. სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა 2022-2023 წლებში, 250-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და, როგორც მოგახსენეთ, 2027 წლისთვის ყველა სკოლა იქნება დასრულებული და აშენებულ-რეაბილიტირებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მოგეხსენებათ, რომ ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის, ვინაიდან პროფესიული განათლება პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას და, ზოგადად, დასაქმების საკითხს. აქაც ჩვენ 9-ჯერ გავზარდეთ პროფესიული განათლების დაფინანსება. აშენდა ახალი პროფესიული კოლეჯები და ახალი სახელოსნოები. ამჟამად მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯისა და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა.
დასაქმების სააგენტოში, მე მინდა საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ თქვენ ყველას, დღეის მდგომარეობით 10 000-ზე მეტი ვაკანსია არის დაფიქსირებული.
შარშან ჩვენ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით. ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 30%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 140 000 შეადგინა. შარშან, კიდევ ვიმეორებ, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 140 000 ვაკანსია იყო ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. ამიტომ ამას სჭირდება მთავრობის, ბიზნესის მხრიდან ერთობლივი მუშაობა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია უკვე მინისტრთან ერთად. პროფესიული განათლების ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი.
ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ჩვენ დაფინანსება გაორმაგებული გვაქვს ბოლო 10 წელიწადში, 80 მილიონი ლარი იყო და 150 მილიონ ლარზე მეტი იქნება 2024 წელს.
რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები არ არსებობდა უბრალოდ, არ შეესაბამებოდა ერთიან ევროპულ სტანდარტებსა და პრინციპებს.
სტანდარტები და პროცედურები არსებითად განახლდა უკვე და შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ სტანდარტებთან და პროცედურებთან. დღეს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები ფასდებიან ევროპული სტანდარტებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რაც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა.
სტუდენტებს რაც შეეხება და სტიპენდიების მოცულობას, 150 ლარი იყო სტიპენდია და 300 ლარი გახდა;
5000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, ჩვენ ასევე წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ – 30 000-ამდე სტუდენტს ჩამოვაწერეთ, გავუნულეთ დავალიანება, რომელიც ჰქონდათ ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული და სტატუსის აღდგენა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს. როგორც ვიცი, რამდენიმე ათასმა აღიდგინა სტატუსი;
რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი წარმატებული, წარჩინებული სტუდენტების დახმარება და მათი განათლების მიღება საზღვარგარეთ, 1200-ამდე სტიპენდიატი ჰყავს დღეს განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს, დავაფუძნეთ, მათ მიიღეს განათლება 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ჯამურად დაიხარჯა 42 მილიონ ლარზე მეტი და ვიმეორებ 1200 საუკეთესო სტუდენტი იქნა გაგზავნილი და მათ მიიღეს განათლება უფასოდ მთავრობის დაფინანსების შედეგად;
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტი 2012 წელს იყო 15 მილიონი ლარი და წელს უკვე 72 მილიონი ლარია, მომავალ წელს კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზრდება და 77 მილიონი ლარი გახდება.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 13 მილიონი ლარი და ესეც 2.5-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში.
ეხლა მინდა გადავიდე ჯანდაცვის მიმართულებით და მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოებსა და იმ ძირითად რეფორმებს, რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2012 წლამდე მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და, ასე ვთქვათ, არსებობდა რაღაც პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტს.
ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვავითარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით პროგრამის დაწყებიდან უკვე 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში, აი, ეს არის კონკრეტული შედეგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე;
ასევე მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წელს და 2024-ში კიდევ უფრო გაიზრდება, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ჯიბიდან გადახდები მოქალაქეებს ჰქონდათ დაახლოებით 74 პროცენტამდე, 2022 წელს – 30 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც უკვე ავამოქმედეთ DRG მეთოდოლოგია, მოდელის ამქმედებისო შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 10%-ამდეა შემცირებული, 74 პროცენტიდან 10 პროცენტამდე არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 200-ლარიან დახმარებას იღებს 200 ათასზე მეტი ბავშვი, ჯამური ბიუჯეტი არის 500 მილიონ ლარამდე;
მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის ზრდას, როგორც კი გვექნება ამისი საშუალება.
მინდა ასევე შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც განხორციელდა ბოლო 2 წელიწადში. ეს არის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მისი ფასების შემცირება. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, გახსოვთ, რომ თურქეთის ბაზარი გავხსენით, შემდეგ უკვე დაწესდა რეფერენტული ფასები, თითქმის 400 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა დანახარჯებს და, ზოგადად, ეს დანახარჯები შემცირებულია მნიშვნელოვნად, ხარჯები დაეზოგებათ ჩვენს მოქალაქეებს. მანამდე, მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა არც რეფერენტული ფასები, რიგ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები 100, 200 და 300%-იანი მარჟებით ყიდდნენ მედიკამენტებს.
დღეს ეს ეპოქა დასრულებულია, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამ პროცესს. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ეს რეფორმა, დაწესდა რეფერენტული ფასები და გაიხსნა თურქეთის ბაზარი; იყო არაერთი მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე, მინდა ამის თაობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო.
მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დიაბეტის მართვის მიმართულებით, C ჰეპატიტის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ განკურნებული არის 95% ჩვენი მოქალაქეებისა, ვისაც ჰქონდათ C ჰეპატიტი.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.
რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსენით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, ასევე – დეკრეტული შვებულების დროს 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.
მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – რეანიმობილების დეფიციტი ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანიმობილი, რაც განაწილდება მთელ ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა, 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით; პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით; 1 იანვრიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტით.
ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა, 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ: უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.
აქაც მინდა შედარებისთვის გითხრათ, 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარი არის ექიმის ხელფასი, ხოლო ექთნის 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართულებით მთავრობის მიერ ჩვენი ბავშვების, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა.
უნდა აღვნიშნო, რომ 2024 წლიდან ვიწყებთ უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას. 1000 უსახლკარო ოჯახის განსახლებისთვის სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს. შედეგად, რეგიონებზე მაქვს საუბარი, არცერთი უსახლკარო ოჯახი აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში. სულ რაღაც 2 წელიწადში ამ პროგრამას დავასრულებთ.
დევნილებზე მინდა მოგახსენოთ. მოგეხსენებათ, რომ აქაც საკმაოდ დიდი კონტრასტი გვაქვს – რა დაგვხვდა და რა არის დღეს. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით.
დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს იყო 25 მილიონი ლარი. წელს უკვე 267 000 000 ლარია, ანუ გაათმაგებულია თითქმის.
2012 წლამდე 19 000-ამდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ანუ განსახლდა. 2013 წლიდან დღემდე კი საცხოვრებელი ფართი გადაეცა 32 000-ამდე დევნილ ოჯახს.
ჯამურად მინდა ვთქვა, რომ წელს უკვე 549 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები ახალაშენებულ კორპუსებში. ახლა მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას და 2025 წლამდე 13 000 ოჯახს გადაეცემა ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები. ასევე მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წელს 230 მლნ ლარი დაიხარჯება დევნილთა სახლების მშენებლობაზე.
წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე – ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონი ლარი. ჯამში, თუ არ ვცდები 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არცერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე.
საპენსიო ფონდის თაობაზე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ განახლებული, რომ 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 4.2 მლრდ ლარი. წელს გაიზარდა ასაკობრივი პენსიები; მოსარგებლეა 830 ათასამდე პენსიონერი.
მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.
70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი.
2012 წელს პენსია იყო 125 და 140 ლარი, შედარებისთვის აქაც მინდა გაჩვენოთ ეს კონტრასტი.
2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც გაორმაგებულია საშუალო ხელფასი.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მთავარი საგარეო პოლიტიკის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია, არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს არის დიდი გამარჯვება, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და მე მინდა ჩვენს საგარეო უწყებას მადლობა გადავუხადო და პირადად მინისტრს, ჩვენს დიპლომატებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2012 წლიდან დღემდე. ჩვენი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, კიდევ ვიმეორებ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, ოკუპაციაა და ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ჩვენ აქაც, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობთ სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბოლო 10 წელში უმაღლეს დონეზე გადავიდა პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ევროპის სახელმწიფოებთან. დაფუძნდა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატები, მათ შორის საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, იტალიასთან, პოლონეთთან. ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის მაღალ დონეზე ჩვენი ურთიერთობები და პარტნიორობა. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მინდა ასევე გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან წარმატებული საგარეო ვიზიტები. მე პირადად მქონდა 25 საგარეო ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 35 საგარეო ვიზიტი. მათ შორის ასევე მინდა შევეხო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ვიზიტებს- ჩვენ გვეწვივნენ ევროპელი ლიდერები, მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – ბატონი ბორელის ვიზიტი საქართველოში სექტემბრის თვეში. ასევე ავსტრიის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები. რეგიონში ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. მოგეხსენებათ, რომ 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ამის თაობაზე დავაანონსეთ და კონკრეტული შედეგებიც კი მოჰყვა სამშვიდობო ინიციატივას, როცა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ აქ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებული, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახდენს. მინდა აღვნიშნო, რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სამივე ქვეყნის ხელმძღვანელებს ერთად გაგვემართა შეხვედრა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ინტენსიურია ვიზიტები ჩვენს სამეზობლოში. მე რამდენჯერმე ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში, ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი. თურქეთთან, ბუნებრივია, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მე გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა, თანამშრომლობა. ჩინეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენთვის. სიდიდით მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და, ბუნებრივია, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ, ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში გვქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები. შარშან გვქონდა ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, პროდუქტიული ტურნე, მე ასე ვიტყოდი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩვენთან ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და ასევე – უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს.
ინტენსიური დინამიკით გამოირჩევა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის და ყურის ქვეყნებთან. გვქონდა ძალიან საინტერესო, წარმატებული შეხვედრა საუდის არაბეთში შარშან, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში. მნიშვნელოვანი იყო, ზოგადად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება, რაც ახალი შესაძლებლობა არის ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის.
მინდა ასევე შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც ძალიან მალე გვექნება კონკრეტული შედეგი. შარშან გადმოგვეცა ჩვენ იორდანიის სამეფოში 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობის, პატრიარქის კურთხევით და ჩვენ ეს პროექტი უკვე დავასრულეთ, მზად არის. ახლა მიმდინარეობს, აქტიურად ვემუშავებით ადგილობრივ კომპანიას, მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა და ჩვენი სურვილია 2024 წელს დავიწყოთ აღნიშნული კულტურის ცენტრის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ეს არის ძირითადი მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ დიასპორის მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ჯამში 350 ქართული დიასპორული ორგანიზაცია მოქმედებს, 2012 წლამდე იყო 140 ორგანიზაცია.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და აქვე მინდა შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების” გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროექტები და პროგრამები დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ შეგნებულად, მიზანმიმართულად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას. მინდა ინფორმაციისთვის გაგიზიაროთ კონკრეტული მონაცემი, რომ 1500-ამდე პაციენტს უმკურნალა სახელმწიფომ, იგივე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოვახდინეთ რუხის საავადმყოფოსა, აქ შეიქმნა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისი, 14-ზე მეტი მიმართულებით ვაწვდით ჩვენ სამედიცინო სერვისებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სწორედ ამ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურეობა.
ჩვენ ვეხმარებით ასევე სტუდენტებს, რომლებიც უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.
რა თქმა უნდა, ჩვენი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.
ასე ვთქვათ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, აქაც მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია. აქვე მინდა შევეხო ქართული ენის გავრცელების, ქართული ენის, ზოგადად, ასამაღლებელი კურსების მნიშვნელობას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეთნიკური უმცირესობებისთვის, არის ქართული ენის არცოდნა, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, მე ასე ვიტყოდი, შედეგად დაინერგა უკვე ბილინგური სწავლების მეთოდი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ჩვენ ბაღებიდან უნდა დავიწყოთ არაეთნიკური მოქალაქეებისთვის ქართული ენის სწავლება. გაგრძელდება ეს სკოლებში და ბილინგური მეთოდით სწავლება არის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავააქტიურებთ, გავაფართოებთ და მოიცავს უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას და თავდაცვას, მოგეხსენებათ, რომ ბოლო 3 წელიწადში ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის მიმართულებით. 540 მილიონი ლარი არის დახარჯული სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ზოგადად, ბოლო 10 წელიწადში, აქედან 400 მილიონ ლარამდე არის დახარჯული მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში.
ჩვენ საშუალოდ 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ, მათ შორის ყაზარმების თუ სხვა სამხედრო ბაზების განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით 273 ობიექტი არის აშენებული, გარემონტებული, რეაბილიტირებული, მათ შორის – ყაზარმები, სასადილოები, სპორტკომპლექსები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვ. გარემონტდა 503 ობიექტი. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დავასრულეთ წარმატებით „ჯარის ქალაქის” მშენებლობა. ეს არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც და ამის გარანტიებიც იქნა ჩადებული თავდაცვის კოდექსში.
„ჯარის ქალაქში” 1000-ზე მეტ ჩვენს სამხედროს, ჩვენს საამაყო სამხედროებს, ჯარისკაცებს გადაეცათ ბინები მინიმალურ, მიზერულ ფასად, შეიძლება ასეც ითქვას და ჩვენ ამ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ.
იგივე პროგრამა ჩვენ დავიწყეთ პოლიციელებისთვის, ჩვენი საამაყო პოლიციელებისთვისაც. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს თბილისში ბინებს, ასევე მიზერულ ფასად და ასევე უნდა გაგრძელდეს პოლიციისთვისაც ეს წამახალისებელი მექანიზმი.
რა თქმა უნდა, ვითარდება და შეიარაღება იქნება ეს თუ სპეცტექნიკის განახლება და შეძენა, ჯამში, ბოლო 10 წელში 2 მილიარდ ლარამდე არის გამოყოფილი და დახარჯული, მხოლოდ წელს 15-მრავალმილიონიანი ხელშეკრულება არის გაფორმებული შეიარაღების შესყიდვაზე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, ამის თაობაზე, ბუნებრივია, თავდაცვის მინისტრისგან გაქვთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ ასევე განვაახლეთ ბოლო პერიოდში საფრენი საშუალებები, მათ შორის, ამერიკული წარმოების, ასევე მოიერიშე თვითმფრინავები, შვეულმფრენები.
რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით ჩვენი ჯარისკაცების დაფასებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ძალიან კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაარეგულირა, ერთ-ერთი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა, ე.წ. გირჩის ინიციატივა, რომელიც ყოვლად ამორალური და მკრეხელური ინიციატივა იყო ვფიქრობ და ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდის შეცდენას შეუწყო ხელი, 10 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მიეცათ საშუალება, რომ თავი აერიდებინათ ჯარისთვის. ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ ძალიან მარტივად, მივიღეთ შესაბამისი რეაგირება, კოდექსმა დაარეგულირა აღნიშნული საკითხები. ასევე ჩვენ დავხვეწეთ,ზოგადად, სავალდებულო სამსახური. იქნა მნიშვნელოვანი ინიციატივები ჩადებული, მათ შორის სტუდენტებისთვისაც.
მე გავიმეორებ, რომ სტუდენტი, რომელიც ჩაეწერება ამ პროგრამაში და წელიწადში 1 თვეს მაინც დაყოფს ჯარში, 4 წლის განმავლობაში, ჯამურად 4 თვის განმავლობაში, მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად. ვფიქრობ, ეს ძალიან მოქნილი სისტემა არის, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს.
გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ თავდაცვის უწყებაში მოხდება გაწვევა სავალდებულო მოსამსახურეებისა. აქ, რა თქმა უნდა შემუშავებულია კონკრეტული მოდულები და არის 6-თვიანი, 8-თვიანი, 9-თვიანი, 10-თვიანი გადასამზადებელი პროგრამები, მინიმალური ვადა იქნება 6 თვე, ანუ 6 თვე რომ გაივლის ახალგაზრდა ჯარს, მას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.
ჩვენი მიზანი არის, ჯამურად სულ რაღაც 3-4 წელიწადში, ჩვენ წელიწადში 10 000 რეზერვისტს გამოვუშვებთ, ჯამში 10-წლიან პერსპექტივაში, 100 000 რეზერვისტი ეყოლება სახელმწიფოს. ეს იქნება, რა თქმა უნდა, მომზადებული ფსიქოლოგიურად, მორალურად. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჯარში პატრიოტიზმის კურსების ამაღლებას და ასევე ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად გვეხმარება ჩვენი ეკლესია და მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს.
ჩვენ წელს ასევე დავიწყეთ, მნიშვნელოვანი პროგრამა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯარის ბანაკის ფარგლებში ეწვივნენ სამხედრო ბაზებს. 1000-ზე მეტი მოსწავლე იქნა გაწვეული, ასე ვთქვათ ამ ჯარის ბანაკის ფარგლებში. ჩვენ ეს გვინდა, რომ გავაფართოოთ, რამდენიმე ათასი სკოლის მოსწავლე გვინდა ყოველწლიურად ეწვიოს ბაზებს, ნახონ თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ჯარისკაცები, როგორ ხდება მომზადება მათი.
იქ, რა თქმა უნდა, იქნება სწავლება მათ შორის იდეოლოგიური, თეორიული, პრაქტიკული და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის რეალური ალტერნატივა აი, იმ მომწამვლელი იდეოლოგიისა, რომელიც დღეს ქვეყანაში ასე აქტიურად მიმდინარეობს ფსევდო-ლიბერალური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ წამლავენ ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ეს არის ალტერნატივა ნარკოტიკის, ეს არის ალტერნატივა არაჯანსაღი, არასპორტული ცხოვრების და, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს და მჯერა, რომ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ჩვენ უკვე კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ვიგრძნობთ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი იყო 2012 წელს 645 მილიონი ლარი. 2024 წელს იქნება 1 მილიარდ 380 მილიონი ლარი. აქაც 85%-იანი ზრდა გვაქვს.
ხელფასებზე მინდა მოგახსენოთ კიდევ, ბოლო 3 წელიწადში 45-50%-ით გაიზარდა ჩვენი სამხედროების ხელფასები. მომდევნო წელს კიდევ 10%-ით გაიზრდება.
ჩვენ ასევე სამშვიდობო ოპერაციების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში სამხედროთა ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია 15 000 ლარის ნაცვლად 100 000 ლარი გავხადეთ, აქაც გამოჩნდა რეალური დამოკიდებულება სახელმწიფოსი და მთავრობების, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს წინამორბედ მთავრობას და ხელისუფლებას ჩვენი გმირი სამხედროებისა და არამხოლოდ სამხედროების, პოლიციელების და მათი ოჯახების მიმართ.
ასევე ჩვენ ყოველთვიური კომპენსაცია დავუნიშნეთ ასეთ გმირ ოჯახებს, მათი ოჯახები 2014, 2013 წლიდან იღებენ 1000 ლარს, ეს დახმარება, თუ ეს კომპენსაცია დავარქვათ, სიმბოლური სახელმწიფოსგან გაიზრდება და 1200 ლარი გახდება 2024 წელს უკვე.
და, რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 2012 წლიდან დღემდე უზრუნველყოფილია ბინით.
აქვე მინდა საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ. 2007 წელს მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული ბინებით უზრუნველყოფის პროცესის დაწყება, მაგრამ კონტრაქტის მიუხედავად, არცერთი ბინა არ იყო ჩაბარებული და აშენებული ჩვენი სამხედროებისთვის, არცერთი ბინა.
2013 წელს მოვედით ხელისუფლებაში, მოგეხსენებათ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ პროექტის აქტიური განხორციელება და საცხოვრებელი ფართით, ყველა 2000-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არის დაკმაყოფილებული ბინებით.
ასევე ჩვენ სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის, განათლების მიღების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სწავლას ვუფინანსებთ 5700-ამდე სამხედრო მოსამსახურეს და მათ ოჯახის წევრებს. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია დავუნიშნეთ 790-ზე მეტ ბენეფიციარს და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს და მთლიანად თავდაცვის უწყებას ამ ეფექტური მუშაობისთვის. ჩვენი სამხედროების ღვაწლი კიდეც უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, მათი გმირული სამსახური. იგივე მინდა ვთქვა ბატონი ვახტანგ გომელაურის შემთხვევაში, მას მინდა მადლობა ვუთხრა და ყველა პოლიციელს მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. პოლიციის მიმართულებით ჩვენ ბოლო 11 წელიწადში არაერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. შედეგად სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია. მაგალითად, შედარებისთვის აქაც მინდა შევადარო – 2012 წლის 9 თვის მონაცემებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 28% იყო. 2023 წელს 63% არის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და შემცირებულია, რა თქმა უნდა, რადიკალურად არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი. ეს არის რეალური მუშაობის შედეგი, ჩვენი პოლიციისა და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ბატონო ვახტანგ და მადლობა ჩვენს პოლიციას. რა თქმა უნდა, პოლიციელების ხელფასების ზრდა დაიწყო და კიდევ უფრო გაგრძელდება მომავალშიც. აქაც ჩვენ გვაქვს სახეზე 50%-იანი მატება ხელფასებისა სულ რაღაც ბოლო ორ წელიწადში. მნიშვნელოვანი იყო ის შენაძენები, შესყიდვები, რომლებიც განახორციელა სამინისტრომ. ვგულისხმობ ვერტმფრენების შეძენას. სამი ვერტმფრენი იქნა შეძენილი და 2024 წელს სამივე ვერტმფრენი იქნება მოწოდებული. განახლდა სრულად ავტოპარკი, 1000-ზე მეტი ავტომობილი იქნა შეძენილი ბოლო 2 წელში, შეიძლება ასე ითქვას, 3 წელში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განვითარება. 2012 წლამდე საზღვარგარეთ გვყავდა პოლიციის 4 ატაშე და ახლა ჩვენ გვყავს 18 ატაშე, რაც ფარავს 36 სახელმწიფოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საპოლიციო თანამშრომლობისთვის ევროპოლთან და ნატოსთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ასევე. ჯამურად საპოლიციო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა დაახლოებით 500 მლნ ლარზე მეტი ბოლო 10 წელიწადში. რა თქმა უნდა, განახლდა პოლიციის შენობები, ასევე ბაზები, ადმინისტრაციული შენობები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასაზღვრო პოლიციის 27 სახმელეთო სასაზღვრო სექტორი აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და აქაც ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. შენდება ბაზები, ჩვენი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო პოლიციაში გატარებული წარმატებული რეფორმის შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტს, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო 675 მლნ ლარი და 2024 წელს იქნება მილიარდ 260 მილიონი. აქაც გვაქვს 115%-იანი მატება ბოლო 11 წელიწადში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების პენსიებსა და კანონით განსაზღვრული 560-ლარიანი მაქსიმალური ზღვრის ლიმიტი აწევას 1000 ლარამდე და, ვფიქრობ, ეს კიდევ უნდა გაიზარდოს. „პოლიციის ქალაქზე” უკვე მოგახსენეთ. 1000-ამდე პოლიციელი ბინას მიიღებს 2024 წელს, 2025 წელს მაქსიმუმ, ქალაქ თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და ეს პროცესი ასევე გაგრძელდება, რომ უფრო მეტად წამახალისებელი იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის.
ახლა რაც შეეხება, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რამდენად აუტანელი იყო ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ციხეებში. სისტემური იყო ეს დანაშაული, სისტემური იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და ა.შ. ადამიანის მკვლელობა ხდებოდა პირდაპირ ციხეებში, ათეულობით ადამიანი კვდებოდა, კლავდნენ პირდაპირ უნდა ითქვას ციხეებში ყოველწლიურად. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, მე ვგულისხმობ ევროპის სასამართლოს, არცერთი საქმე არ მიუღია, მაშინ, როცა მოგეხსენებათ კარგად, რომ ასობით და ათასობით საქმე შედიოდა საქართველოდან და აქედან ძალიან ბევრი გაგზავნილი იყო სწორედ პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს იყო საშინელი, ასე ვთქვათ პრაქტიკა თუ სისტემური დანაშაული, რომელიც დამკვიდრებული იყო ციხეებში.
მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა, და ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, მსჯავრდებულთა დასაქმებაში, ხელსაქმეში დაფუძნდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, მათ შორის ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი, კარგი ჰუმანური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ და მინისტრების მიერ.
განახლებაში მთლიანად, მთელი ინფრასტრუქტურის განახლებაში 180 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. თითქმის ყველა ციხის თუ პენიტენციური დაწესებულების განახლება მოხერხდა ბოლო 10 წელიწადში, დაინერგა ძალიან, ვფიქრობ, ინოვაციური მოწყობილობა პრობოქსი, ქვეყნის მასშტაბით 20 ახალ ლოკაციაზე განთავსდა პრობაციონერებისთვის, ვფიქრობ, ეს საინტერესო ინოვაციაა, რომლითაც დაინტერესდა ძალიან ბევრი, მათ შორის ჩვენი ევროპელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრები და მათი სურვილი არის ამ გამოცდილების გაზიარება.
წელს მიღებულ იქნა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელთა მიზნები არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო მეტად გამყარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოება და ამდენად ერთ ათწლეულში შეიძლება ითქვას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური გარდატეხა მოხდა და რადიკალური გარდაქმნა მოხდა, რეალური ტრანსფორმაცია მოხდა მთელი სისტემის როგორც იტყვიან, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ადრე სახე პენიტენციური სამსახურის იყო, წარმოადგენდა სიმბოლოს ადამიანის წამების და არაადამიანური მოპყრობის შემზარავი მეთოდებით ამის თაობაზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი მეთოდებით ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, ამაზე უღირსი საქმე, საქციელი არ შეიძლება, რა შეიძლება იყოს როცა პატიმარს ექცევი, აწამებ და საშინლად ეპყრობოდნენ ჩვენს პატიმრებს, და ჩვენს ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-ამდე შემცირდა და, რა თქმა უნდა, ესეც არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ სწორად იმართება დღეს პენიტენციური სამსახური და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რატი ბრეგაძეს და მის გუნდს.
რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, აქაც ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა 12 იუსტიციის სახლი. 110 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული დღეისათვის და ფილიალების რაოდენობა 118-ამდე არის გაზრდილი, მათ შორის იუსტიციის სახლები გაიხსნა სამ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც ინოვაციაა და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გაისად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის ახალი სახლი და, რა თქმა უნდა, დაფარავს მთელ საქართველოს.
მნიშვნელოვანი იყო მობილური იუსტიციის სახლის პროექტი. 470-ზე მეტი სერვისით სარგებლობა თანაბრად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის – მაღალმთიან სოფლებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელზეც მინდა მოკლედ აღვნიშნო, ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც ჩვენ შარშან დავიწყეთ. უკვე დარეგისტრირდა 450 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ეკონომიკურ ბრუნვაში მოექცა და დადებითი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებელზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და ეს პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს.
რაც შეეხება კულტურას და სპორტს, აქ განხორციელებულ რეფორმებს, მნიშვნელოვან მიღწევებს, რა თქმა უნდა, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ამ დარგების ინტერნაციონალიზაცია.
ბოლო წლებში საქართველოს უძველესი კულტურა მრავალგზის აღიარეს საერთაშორისო დონეზე. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ახალ ნომინაციებად შეიტანეს ღვინის დაყენების ქართული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა.
საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია”, რომელიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ტარდება. საფესტივალო პროგრამა მოიცავს 60-ამდე ღონისძიებას და ეძღვნება საქართველოსა და მის კულტურას. მინდა ქალბატონ თეას გადავუხადო მადლობა ამ გამოფენისა და ფესტივალის წარმატებით ჩატარებისთვის.
გამოფენა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას ასახავს. აგრეთვე უდიდესი წარმატებით ჩატარდა ფოლკლორული და პროფესიული მუსიკის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები.
ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე მინდა აღვნიშნო, რომელიც პირველად გაიმართა ჩრდილოეთ ევროპაში, კოპენჰაგენში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
ლევილის ქართველთა მამული საქართველოს 2016 წელს დაუბრუნდა. ამჟამად დასრულებულია მამულში გარკვეული ნაწილი. სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მალე დასრულდება ეს სამუშაოებიც.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რეაბილიტაცია, რომელზეც ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე. მანამდეც, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს, რეალურად, დაზიანების გარდა 2012 წლამდე არაფერი გაუკეთებია.
800-ამდე ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ” ფონდის მიერ და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მთავარ სიამაყეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. გვაქვს მონახაზი, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ მომდევნო წლებში 50 ან 100 მილიონი ლარის ფარგლებში გამოიყოს ბიუჯეტიდან და მთავარი ღირსშესანიშნავი ძეგლების კომპლექსური განვითარებისთვის ჩამოყვანილ იქნას საერთაშორისო ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები.
რა თქმა უნდა, გრძელდება მუზეუმების განვითარება. სამუზეუმო ფონდების შევსება 2021 წელს დაიწყო. წელს 100-ზე მეტი ექსპონატის, მათ შორის – 91 ფერწერული ნამუშევრის შესაძენად გამოყოფილია 2 000 000 ლარზე მეტი. მუზეუმებმა უმასპინძლეს 118 გამოფენასა და 630 შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს.
რაც შეეხება სპორტის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწევებს – პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ბოლო წლებში 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სპორტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რეაბილიტაცია- მშენებლობას მოხმარდა 500 მილიონ ლარი.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დასრულდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა:
უეფას მე-4 კატეგორიის 11 სტადიონის რეაბილიტაცია, მშენებლობა და აღჭურვა, მათ შორის ასევე ძალიან ბევრი სპორტული კომპლექსი აშენდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ, რეგიონებში და ეს პროცესი რა თქმა უნდა, გრძელდება. გრძელდება ასევე სტადიონების კეთილმოწყობა და აღჭურვა. სპორტული კომპლექსების მშენებლობა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 2024 წელს გლდანში დასრულდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია. 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ჩვენ ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
წელს და გაისად ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში დამსვენებლებს ორი ახალი, 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. თითოეულის გამტარუნარიანობა იქნება 1800-2400 ადამიანი. ამ საბაგიროს ამ კვირაში გავხსნით.
აქვე მინდა აღვნიშნო კასპის კორტების პროექტი, რომელმაც წელს უკვე წარმატებით უმასპინძლა დევისის თასს, ეს არის საერთაშორისო დონის ტურნირი.
რა თქმა უნდა, მინდა შევეხო მიღწევებს და გამორჩეული სპორტულ მოვლენებს, წელს მასობრივი მაღალი მიღწევის და სპორტის პოპულარიზაციისთვის გამოიყო 182 მილიონი ლარი, შარშანდელზე 30 მილიონი ლარით მეტი.
გაიზარდა სპორტული ორგანიზაციების დაფინანსება, მინდა ასევე ვთქვა სიამაყით და მადლობა ვუთხრა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომ წელს უკვე 10 თვის მონაცემებით ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 1330 მედალი მოიპოვეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს.
შარშან 2022 წელს მთელი წლის განმავლობაში მოიპოვეს 964 მედალი, შარშან ქართველი ქალი სპორტსმენების ანგარიშზე იყო 100-ამდე მედალი, წელს კი ანალოგიური შედეგი მათ პირველ რვა თვეში გაიმეორეს.
წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართა საქართველოში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის (რუმინეთთან ერთად) სათანადოდ მომზადებული დახვდა საქართველო, 11 საფეხბურთო მოედანი აშენდა ან ძველ მოედნებს ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია, ფინალურ მატჩს კი ბათუმის შესანიშნავმა სტადიონმა უმასპინძლა.
წელს ბაკურიანში, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა სათხილამურო ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატი. ვფიქრობ, ესეც იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, ბაკურიანმა უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-ამდე სპორტსმენს. ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად სახელმწიფომ 300 მილიონ ლარამდე დახარჯა. აშენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის – სამი ახალი საბაგირო; დიდველი-კოხტა-მიტარბის არეალში დამონტაჟდა 30-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა; მოეწყო ექვსი ახალი სასრიალო გზა და ასე შემდეგ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს გადაწყდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წლის მარტში თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის იქცა ახალ აღმოსაჩენ ადგილად.
რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო სპორტსმენები ემზადებიან პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომლებიც 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება პარიზში, დღეისთვის ჩვენს სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ ოფიციალურად 4 ლიცენზია, გარდა ამისა, ფაქტობრივად, გარანტირებული გვაქვს კიდევ 11 ლიცენზია და უნდა ვახსენოთ ასევე პარიზში 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გასამართი პარაოლიმპიური თამაშები, ქართველი სპორტსმენები ამ ასპარეზობის ლიცენზიებისთვისაც იბრძვიან და დღეისთვის ლიცენზია მოპოვებული აქვს 10 პარასპორტსმენს, იზრდება, რა თქმა უნდა, ეროვნული ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საკვანძო საექიმო პერსონალის და ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიები, პროგრამას იანვრიდან ეყოლება ათას ორასამდე ბენეფიციარი, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა 50 პროცენტით.
რაც შეეხება ახალგაზრდული ბანაკების განვითარებას, მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული სააგენტო გადავიდა განათლების სამინისტროში და განათლების მინისტრს უკვე აქვს ახალი იდეები და ხედვა, კიდევ უფრო როგორ განავითაროს ახალგაზრდული პოლიტიკა და უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდულ ბანაკების განვითარებას და ჩვენს ახალგაზრდობას,ზოგადად.
და ბოლოს, მეგობრებო, მე მინდა ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრე, შევაჯამო იმ რეიტინგებით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით, რომლებიც ობიექტურად ასახავს საქართველოს წინსვლას და გლობალური პოზიციონირების გაუმჯობესებას.
დავიწყებ იმით, რომ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების” წლევანდელ „დემოკრატიის ანგარიშში” დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. ეს არის 11-წლიანი მუშაობის შედეგი. თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულში მოხვდა ქვეყანა დემოკრატიზაციის ანგარიშში.
„World Justice Project”-ის მიხედვით, „კანონის უზენაესობის ინდექსში” საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე არის, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.
მინდა ასევე ვთქვა, რომ ისეთ ინდექსებში, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა წელს, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების” პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში 11-ე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე-2 ადგილზეა.
ამავე, ანგარიშის თანახმად, ევროპის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა;
რეგულაციების ხარისხით საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზეა.
გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „Transparency International” მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში”, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს” მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილს იკავებს წლევანდელ „გამჭვირვალობის ინდექსში” და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას.
„Fraser Institute”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ცნობილი ინსტიტუტი, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” საქართველო 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებს შორისაა.
„Freedom House” მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის” თანახმად, საქართველოს 100-იდან 76 ქულა მიენიჭა და „თავისუფალი ქვეყნების” სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.
ასევე მინდა ვთქვა, რომ სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების თანახმად, საქართველო მსოფლიოში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა შემდეგი მაჩვენებლებით: 2022-2028 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდა; ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპი მუდმივ ფასებში.
მსოფლიოს მოწინავე შვეიცარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – Global Risk Profile-მა – „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023″ გამოაქვეყნა. საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში, 43-ე ადგილზე ; შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავიდა „კორუფციის დაბალი დონის” მიხედვით.
ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინანდელი საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნებს შორის იყო. შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყანა იყო საქართველო 10 წლის წინ. ხოლო 2022 წელს კი „ღია ბიუჯეტის ინდექსით” საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. აი ეს არის რეალური პროგრესი.
მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას.
მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.
კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას.
ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ბოლო 11 წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტს, მთავრობის თითოეულ წევს, ყველა საჯარო მოხელეს.
მინდა მადლობა გადავუხადო პარტიას, ჩვენს პარლამენტს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩართულნი იყვნენ ამ შედეგების მიღწევაში. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დავხურეთ, მაგრამ გადავიდა ქვეყანა უკვე ახალ ეტაპზე.
მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ვთქვი: საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ახლა საჭირო არის კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი მოტივაციით, მეტი საქმის კეთება, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო და, რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ოცნება ავიხდინოთ, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და რეალურ წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებულ წელს, ჯანმრთელობას და მშვიდობას! დიდი მადლობა!