ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, 2022 წელი – 2 მლრდ 541 მლნ ლარი).
ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული.
ასევე, გრძელდება მუშაობა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდისათვის. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG), რომლის დანერგვის პილოტური პროექტი უკვე დაიწყო შერჩეულ კლინიკებში, წლის ბოლომდე კი სისტემა მზად იქნება სრულად ასამოქმედებლად.