საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის და პროგრამა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მოიცავს ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომლის დაწყება  მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელი და ახალი  რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა ლიდია კლისმანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს ოფისის დირექტორმა ბრიგიტ ჰოლდერაიდმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ დაათვალიერეს.

დაგეგმილი ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო კონცეფცია სტუმრებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გააცნო.

პროექტის ფარგლებში, რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი,  მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება.

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის გზით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები არიან CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო).

Previous articleაზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები
Next articleსაქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების პირველი პარტია შემოვიდა