თბილისის მერია გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის, სამუშაოები ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის I შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 400 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა.
პატარა ტბის დასახლებაში, ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის შესახვევებსა და ჩიხებში, დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. დასახლების არსებობის მანძილზე ასფალტიანი გზა პირველად ეწყობა, რის შემდეგაც, მოსახლეობის მოთხოვნით, აღნიშნულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო, უახლოეს დღეებში მთლიანად დასრულდება.