პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტები დაწყებულია ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, წალკის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს ადიგენში თამარ მეფის ქუჩაზე, ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე და მიმდებარე სკვერისა და გიორგი ბრწყინვალის მოედანზე, ახალქალაქში თავისუფლების ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე, ნინოწმინდაში ჰაიოს-ქართლოსის სკვერსა და თავისუფლების ქუჩაზე მდებარე პარკში, წალკის მუნიციპალიტეტში ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა და ასპინძის მუნიციპალიტეტში სამკუთხა სკვერის და ომის მემორიალის რეაბილიტაცია.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.