თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის ხიდის ბურჯები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა და გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია, როგორც უშუალოდ გზის და სახიდე გადასასვლელის, ასევე, სატრანსპორტო კვანძების მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასთან და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან, ბაგების მხარეს განთავსდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, ტროტუარი და ველობილიკი.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს.
აღნიშნული ხიდის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 28 319 933 ლარია.