Home Blog გვერდი 8

აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა

აბასთუმანში პოლიციისა და და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა.

პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანს, 12 სოფელსა და 4000 მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს, რომელიც გათვლილია 35-40 თანამშრომელზე, სადაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო და ამოცნობის ოთახები.

ახალ შენობებში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.
შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

პოლიციას ჰყავს ელექტრომობილები და შენობებიც აღიჭურვა ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებით.

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

0

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.

მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.

დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

 

ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა

0

სააკაძეში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა.

სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.

ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.

ბოლნისის №3 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული პროექტი, რომელიც 2027 წლისთვის ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს სკოლის ეზოს კეთილმოწყობას და შენობის სრულ რეაბილიტაციას.

რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; სკოლის შიდა ეზოში დემონტაჟი უტარდება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს; რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გათბობის ახალი სისტემისთვის შენდება საქვაბე.

სკოლა სრულად ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები;

სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სასწავლო სივრცეების პარალელურად მოსწავლეთა განვითარებისა და სოციალური ადაპტაციისათვის მოეწყობა ბიბლიოთეკა, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

შედეგად, 2024 წლიდან, ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.

 

 

 

 

2023 წელს დამატებით 150 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება

• 2022 წელს ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები;
• 2022 წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით, აქედან, 40 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე;
• 2023 წელს მიმდინარე პროექტებიდან სამუშაოები დასრულდება სულ ცოტა 60 მდებარეობაში, რომლის შედეგადაც 150 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 60,000 ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე;
• 2023 წელს წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:

გურია – 10 სოფელი;
იმერეთი – დაბა ხარაგაული და 2 სოფელი;
კახეთი – ქალაქი თელავი და დედოფლისწყარო და 35 სოფელი;
მცხეთა-მთიანეთი – 3 სოფელი;
სამეგრელო – ქალაქი ჯვარი;
სამცხე-ჯავახეთი – დაბა ასპინძა და 3 სოფელი;
ქვემო ქართლი – ქალაქი თეთრიწყარო და 4 სოფელი;
შიდა ქართლი – დაბა მანგლისი;

• წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები 172 მდებარეობაში, საიდანაც 20 არის ქალაქი.

გარდა ქალაქებში მიმდინარე პროექტებისა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კურორტებში, დაბებსა და სოფლებში. საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობა უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით, კვლავაც მიმდინარეობს და დაპროცესებულია პროექტები ტურისტული ნაკადების ზრდის შესაბამისად. ბაკურიანში ამ ეტაპისთვის დაპროცესებულია 145 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები. ხოლო
გუდაურში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა წყალარინების ქსელის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოები;

2030 წლის ბოლოსთვის, მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით

თეთრიწყაროში ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0
default

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა; გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები; ასევე მოხდა ციხე-დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის სრული აღდგენა; სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ძირითადად რვა სართულიან კოშკზეც, რომლის ფარგლებშიც, მოხდა სართულშუა გადახურვები, აღდგა კიბეები და გამაგრდა კოშკის საკვამური.

ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო კოშკთან ასასვლელი ბილიკი და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირი.

 

საქართველო კორუფციის დაბალი დონით რეგიონში ლიდერია

0

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო – სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

მიმდინარეობს დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო.

დევნილთა განსახლების მიზნით, კომპლექსების მშენებლობა, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს.

თბილისში 2400 დევნილი ოჯახისთვის 11 კორპუსი შენდება;

ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახისთვის 7 კორპუსი შენდება;

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება;

ქუთაისში 720 დევნილი ოჯახისთვის 3 კორპუსი შენდება;

ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის 1 კორპუსი შენდება.

ჯამში, განსახლების პროგრამებით, 2023-2025 წლებში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.

პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.

რუსთავის №18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეში აგრძელებს.

რუსთავის N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განხორციელდა.

2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის ორივე კორპუსს: გარემონტდა სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. მოწყობილია რეკრეაციული გამწვანებული სივრცეები.

სკოლა სრულად არის აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რისთვისაც სააგენტოს მიერ ჯამში 100 000 ლარამდე ღირებულების სასკოლო ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი დამატებით იქნა შეძენილი.

 

2024 წლის ბიუჯეტი – დაგეგმილი სიახლეები

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ აუწყა საზოგადოებას, კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც:

• გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების პენსიები 560 ლარიდან 1000 ლარამდე, ასევე საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა;
• გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია გაიზარდება 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე;
• მომდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, მოხდება უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა. სამ და მეტშვილიან ოჯახებს, გაუსაძლის პირობებში მყოფ ადამიანებს, დაახლოებით 1000-მდე ოჯახს, მთავრობა შეუძენს საცხოვრებელ ბინებს, ეს იქნება 2 წლიანი პროგრამა და ამისთვის ჯამში გამოიყოფა 50 მილიონი ლარი;
• დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც;
• სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება 500 ლარით და მეტით;
• გაგრძელდება საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების ზრდა და 2024 წლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები 10% გაეზრდებათ

გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დამატებით 70 მილიონის გამოყოფაა განსაზღვრული აეროპორტების მშენებლობისთვის. ასევე პრემიერის განცხადებით საჯარო მოხელეებს ხელფასები წელსაც 10%-ით გაეზრდებათ. შეგახსენებთ რომ 2012 წელს ბიუჯეტი 9 მილიარდ ლარამდე იყო, რაც ნიშნავს რომ 11 წელიწადში საქართველოს ბიუჯეტი თითქმის 20 მილიარდი ლარით გაიზარდა. ირაკლი ღარიბაშვილის სრული განცხადება იხილეთ: