აბასთუმანში პოლიციისა და და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა.
პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანს, 12 სოფელსა და 4000 მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს, რომელიც გათვლილია 35-40 თანამშრომელზე, სადაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.
ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო და ამოცნობის ოთახები.
ახალ შენობებში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.
შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
პოლიციას ჰყავს ელექტრომობილები და შენობებიც აღიჭურვა ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებით.