ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეში აგრძელებს.

რუსთავის N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განხორციელდა.

2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის ორივე კორპუსს: გარემონტდა სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. მოწყობილია რეკრეაციული გამწვანებული სივრცეები.

სკოლა სრულად არის აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რისთვისაც სააგენტოს მიერ ჯამში 100 000 ლარამდე ღირებულების სასკოლო ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი დამატებით იქნა შეძენილი.

 

Previous article2024 წლის ბიუჯეტი – დაგეგმილი სიახლეები
Next articleმიმდინარეობს დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი