Home Blog გვერდი 126

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022-2023 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის 1 035 000 000 ლარი დაიხარჯება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სოციალური დახმარება მოდელის პრეზენტაცია გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს იმ ძირითად ღონისძიებებს, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს. წარმოდგენილი იქნა დეტალური გეგმა, თუ ვინ მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას და რა შესაძლებლობები აქვს ხელისუფლებას მოქალაქეებისა დასახმარებლად. ეს ეხება სწორედ საკომპენსაციო ზომებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით.

„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ მათ კეთილდღეობაზეც. ჩვენ შევეცადეთ გაგვეკეთებინა ყველაზე მეტად სამართლიანი პაკეტი, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ გასჩენოდათ უსამართლობის გრძნობა. ეს არის გეგმა, რომლითაც ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და პანდემიასთან ბრძოლას 350 000 000 ლარი მოხმარდება. რაც შეეხება მოქალაქეთა ზრუნვასა და სოციალურ მხარდაჭერაზე კი 1 035 000 000 ლარი დაიხარჯება.

წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებულები, თვითდასაქმებულები და მოწყვლადი კატეგორიები: სოციალურად დაუცველი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას ოჯახის წევრზე. ერთწევრიანი ოჯახისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 70 ლარს, ორწევრიანი ოჯახისთვის – 90 ლარს, 10-წევრიანი ოჯახისთვის – 350 ლარს, ხოლო 15-წევრიანი ოჯახისთვის – 525 ლარს. კომპენსაცია გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში. 100 001-მდესარეიტინგოქულისმქონეოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნულ პირებს კომპენსაციის მისაღებად არ სჭირდებათ დამატებითი განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. ფინანსური დახმარების გაცემა 20 მაისიდან დაიწყება.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულების ფინანსურ დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესებულია 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად200 ლარის ოდენობით. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციები გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, თუმცა გამოყოფილია ორი კატეგორია: ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში. პირველი კატეგორიის თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებას ახდენს შემოსავლების სამსახური 2020 წლის 20 მაისამდე. პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge -ზე. ამ კატეგორიის პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა.

ხოლო მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა. განაცხადი მოიცავს იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს მათ შემოსავალს და ეკონომიკურ საქმიანობას 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებებს სსიპ დასაქმების სააგენტო განიხილავს სამუშაო ჯგუფთან ერთად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს შესაბამის უწყებათაშორის კომისიას.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ეფექტური განხორციელების და ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იწყება ბიზნეს სექტორის მონიტორინგი.

„იმისათვის, რომ ეკონომიკის ამოქმედების მეორე ეტაპიდან განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელმა პირებმა მოიპოვონ საქმიანობის აღდგენის ნებართვა, ამისათვის აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. განცხადების წარდგენის შემდგომ, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განხორციელდება რეგისტრირებული სუბიექტების მონიტორინგი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საქმიანობის აღდგენის ნებართვის მოპოვების მიზნით აუცილებელია, რომ ბიზნეს სუბიექტები აკმაყოფილებდნენ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის წესებს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიეცემათ საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

0

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ახალციხის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა“ განახორციელა.

საქართველოში სპეცრეისით 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

0

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სრულუფლებიანი საელჩო ჩინეთში.

ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეოსქაიმ” განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი „პისიარ“ ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით და რაც იწვევს საზოგადოების მღელვარებას. დღეიდან ეს თემაც დარეგულირებული იქნება და მეტი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი,; ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებისთვის რეკომენდაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოვლენები განვითარებულია ძალიან დადებითად. ჩვენ დღეისათვის კარგად ვმართავთ ვირუსის გავრცელებას და შესაბამისად, ის პიკი, რომელიც დაანონსებულია აპრილის ბოლოსთვის, არ დამდგარა, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ყველა ღონისძიების მკაცრად დაცვა, რათა შემდგომში უკვე არ დადგეს დამატებით სავარაუდო პიკი, რომელიც შეგვიძლია გავთვალოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული პროგრამებითა და ინსტრუმენტებით. თუ ჩვენ ყოველივე ამას დავიცავთ და ვმართავთ ინფექციის გავრცელებას, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში პიკი არ დაფიქსირდეს. სხვა შემთხვევაში, რისკები არსებობს,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პისიარ ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პისიარ მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა და აქედან 92 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის.

„მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ხვალიდან პისიარ ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი.

„ხვალიდან უკვე ემატება კიდევ ხუთ ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

ჭიათურის მოსახლეობის 70% უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს

ჭიათურის მოსახლეობის 70% უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.

ჭიათურაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.

პროექტის შესაბამისად, აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარი, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი, რეაბილიტირდა არსებული სატუმბო სადგურები და რეზერვუარები.

სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებს.

ყაზბეგში მცხოვრებ 900 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადაეცემათ

ყაზბეგში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, ხანდაზმულებს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცემათ.

მცხეთა-მთიანეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტებისა და სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო. სასურსათო პაკეტს ბინაზე დაახლოებით 900 ბენეფიციარი მიიღებს. ბენეფიციართა შორის არიან სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, ხანდაზმულები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მრავალშვილიანი ოჯახები.

რამდენიმე დღის წინ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სასურსათო მარაგების გაცემაც დასრულდა. ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის PCR ტესტი მიიღო

0

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი მიიღო.

„აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული. ტესტები შეძენილი იქნა “საქართველოს ბანკის” აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში COVID-19 პანდემიისათვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების მომარაგების პროცესში. როგორც ცნობილია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმეტესობა ქვეყნების მიერ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დაწესდა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ შემდგომ მათ სათანადო ტრასპორტირებას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კოორდინაციაშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით ქვეყანაში სამედიცინო ნედლეულის მარაგების მართვას კურირებს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო

0

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

საელჩო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ს მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აცხადებს საელჩო.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტში 900 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 900 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა.

სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად შეჭირვებულ, უფასო სასადილოსა და სხვა კატეგორიის ოჯახებს დაურიგდათ.

პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმში, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორთან ერთად 4000- მდე ოჯახს დაეხმარა სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტით.