რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022-2023 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

Previous articleმოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის 1 035 000 000 ლარი დაიხარჯება
Next articleსამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბეჭვაიების 14-სულიან ოჯახს 500 ლარი აჩუქა