Home Blog გვერდი 125

ფონდი „ქართუს” დაფინანსებით მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება

0

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებაზე.

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება.

პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე ფონური საკადასტრო კვლევები და ურბანული ტყის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტება, ასევე, ერთიანი ინტეგრირებული სივრცითი ეკონომიკური და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვის დამუშავება მიმდინარეობს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

0

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულებას და შრომის უსაფრთხოების პირობებს პერიოდულად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

სასტუმროებს დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტის 80% სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე

უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.

„ ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას,“ – განაცხადა თურნავამ.

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს

0

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს კი სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

„ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, – განაცხადა თურნავამ.

ქართულ ჯარს ნატოს სტანდარტის შესაბამისი ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვს

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქართულ ჯარს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვს.

თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები მსოფლიო ბაზრის ლიდერი ბრენდების, „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით, ასევე, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმით არიან უზრუნველყოფილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალ უნიფორმებსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხესთან ახალი უნიფორმისა და ფეხსაცმლის უპირატესობებს დეტალურად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულ ჯარისკაცს უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი და უნიფორმა აცვია.

მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების “ჰაიქსის“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში. ფეხსაცმელი აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს მის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას.

ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის,ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს.

აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ასევე, სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით. 210-240 ევროს საბაზრო ღირებულების მქონე ფეხსაცმელები თავდაცვის სამინისტრომ 80 ევროდ შეიძინა. ეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმართული წარმატებული მოლაპარაკებისა და კონტრაქტის შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმების შედეგია.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით – პიჯაკი, შარვალი, კეპი.

ლიცენზირებული ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

0

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები და მიკროავტობუსების მძღოლები თვითდასაქმებულებისათვის გამოყოფილ ერთჯერად სამასლარიან დახმარებას მიიღებენ.

მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის კი არიან ტაქსის მძღოლებიც.

„თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

0

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

მიმდინარე წელს ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულებას და შრომის უსაფრთხოების პირობებს, პერიოდულად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მეორე ლოტის 1,9 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ამ მონაკვეთზე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შესრულების ვადა 9 თვეს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სამშენებლო პროცესი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

შენობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის განთავსდება, რომელიც საწყის ეტაპზე პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 164 ლარით, თანხა გამოიყო შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).

2019 წლის მაისში,სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ფოთის მერიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ქალაქ ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე (გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება). ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

საქართველო ინვესტორებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა

0

საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა – წერს l’opinion.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც.

„მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ინდიკატორით საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილზეა. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ – საქართველომ, არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიკურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც, მათი ძალისხმევის მიუხედავად (გერმანია 22-ე, ხოლო საფრანგეთი 32-ე ადგილზეა)” – წერს სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბეჭვაიების 14-სულიან ოჯახს 500 ლარი აჩუქა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა, ბეჭვაიებს 11 შვილი ყავთ, მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.

,,ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად გადავწყვიტე ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.