საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქართულ ჯარს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვს.
თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები მსოფლიო ბაზრის ლიდერი ბრენდების, „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით, ასევე, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმით არიან უზრუნველყოფილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალ უნიფორმებსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხესთან ახალი უნიფორმისა და ფეხსაცმლის უპირატესობებს დეტალურად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულ ჯარისკაცს უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი და უნიფორმა აცვია.
მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების “ჰაიქსის“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში. ფეხსაცმელი აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს მის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას.
ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის,ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს.
აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ასევე, სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით. 210-240 ევროს საბაზრო ღირებულების მქონე ფეხსაცმელები თავდაცვის სამინისტრომ 80 ევროდ შეიძინა. ეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმართული წარმატებული მოლაპარაკებისა და კონტრაქტის შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმების შედეგია.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით – პიჯაკი, შარვალი, კეპი.