აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსების მიზნით 100 ათასი ლარი გამოიყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად.

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები რეგიონებში.

Previous articleშინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 
Next articleბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო