ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9-კილომეტრიანი გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული სამუშაოები ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომლის ფარგლებში, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი – 9კმ სიგრძისა და 15მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.
გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.
ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს.
ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.