ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში სრულდება. პროექტის ფარგლებში, დიდი და მცირე საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზი შენდება. მოეწყობა კალათბურთის, მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები. აშენდება სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე.
სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად, საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
ახალი სპორტული კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებში.