ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წლის განმავლობაში არ ჩატარებია. გზა იყო ვიწრო და გრუნტიანი, რომელზეც ხშირად ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი არ იყო უსაფრთხო.
ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე უკვე დასრულებულია გზის 84-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო 16-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.
გზის რეაბილიტაციასთან ერთად მიმდინარეობს 17 ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციით შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება ბევრად უსაფრთხო. გაუმჯობესებული გზა ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებასაც.