ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენებით წელიწადის ნებისმიერ დროს რეგიონში შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.
არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 სთ-ით შემცირდება.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
სამუშაოების შესასრულებლად სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.
პროექტის შესაბამისად, ახალი გზის არეალში, მოხვდება შემდეგი სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია, მშენებლობას აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.