ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები.
აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება.
ამასთან, ფაზისი ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება. ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.