საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა. აღნიშნული გზა, დაახლოებით, 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი(ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზა სრულად აღდგება-მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფრი, ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, ახალი სახიდე გადასასვლელი და კიუვეტები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონის, საგზაო ნიშნების, გზის სავალი ნაწილის მონიშვნის, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარისა და პლასტმასის მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.6 მილიონი ლარით ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კმ-იან (კმ7-კმ14) მონაკვეთზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ამასთანავე, გათვალისწინებულია, საგზაო ნიშნების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონის მოწყობა. სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 998 377 ლარია.

Previous articleსოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ გაიზრდება
Next articleგარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს