მომავალი წლიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სოფელში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტზე, ჯამში, 1 750 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული პროექტი მოიცავს 24 კმ-მდე ცენტრალური და შიდა ქსელის მოწყობას, ასევე, 4 ლოკაციაზე მოეწყობა კოშკურა და წყალშემკრები აუზი, ჯამში, 400 ტონა რეზერვუარით. განთავსდება საქლორატორო შენობები, გაიწმინდება და მოეწყობა ახალი ჭაბურღილები. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. შედეგად, სოფლში მცხოვრები 500 კომლი მალე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს, გარდა ამისა, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფლის საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი და სხვა ადმინისტრაციული შენობები.