შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021 წლის სარწყავ სეზონს მომზადებული ხვდება. შიდა ქართლის მოსახლეობას ტაშისკარის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა მოემსახურება. აღდგენილ სისტემაში წყალი გაეშვა.
პროექტის ფარგლებში, არხის მნიშვნელოვანი ნაწილი რკინაბეტონით მოპირკეთდა, დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა სოფელ ქვიშხეთში, ტეზერსა და ბეკამში არსებული წყლის გამტარი მილები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არსებულ ხიდებს ჩაუტარდა რემონტი, შეიცვალა დაზიანებული ფარები.
ჩატარებული სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ლარია.
ტაშისკარის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ ახალდაბაში იღებს, მდ. მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობით. აღნიშნული სისტემით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.