სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც მოსახლეობას კონკრეტულ სერვისებს სთავაზობენ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, დეზინფექციას ჩაატარებს მათ შორის „საქართველოს რკინიგზაც“ – მატარებლებსა და სადგურებში.

„უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე – „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებსა და სადგურებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Previous articleმცხეთა-მთიანეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო
Next articleსასაზღვრო პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა