თელავში ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა. აღსანიშნავია, რომ ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება. ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები.
თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელია, როგორც ქალაქის გამართული წყალარინების სისტემისთვის, ისე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა მართვაში წყალმომარაგების კომპანიას გადაეცა.
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ, დაახლოებით, 16.9 მილიონი ლარი შეადგინა.