ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
ახალი გზის მშენებლობით, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) 329.6 მილიონი ლარით ფინანსდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60-E70) ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.