მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
როგორც აღინიშნა, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, ითქვა, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.
აღინიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობს, ამ გეგმაში საქართველოს სამომავალო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, შეირჩა ვაზილ ჰუდაკი – საქართველოს დიდი მეგობარი.
ვაზილ ჰუდაკი ამჟამად არის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი ეროვნული განვითარების ფონდის შექმნის საკითხებში, ასევე – GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი. სხვადასხვა დროს იგი იყო სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ევროკავშირის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის ბიუჯეტის მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირში სლოვაკეთის პრეზიდენტობის დროს, სლოვაკეთის საინვესტიციო ჰოლდინგისა და სლოვაკეთის საგარანტიო და განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია EASTWEST INSTITUTE-ის ვიცე-პრეზიდენტი.