განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯ „ლაკადას“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.
სოფელი ფოცხო-ეწერი საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ენგურჰესის მიმდებარედ მდებარეობს და, ძირითადად, დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ფოცხო-ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღონ პრაქტიკული პროფესიული განათლება, რაც შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარებათ.