ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. 150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი მულტიპროფილური იქნება, სადაც პროფესიული განათლების მსურველები შეძლებენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს პროფესიების დაუფლებას.

ლანჩხუთის კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯის „ჰორიზონტი“ სასწავლო ბაზა იქნება. სამშენებლო სამუშაოების მომზადების პარალელურად, კოლეჯმა „ჰორიზონტი“ უკვე დაიწყო ინტენსიური დიალოგი ადგილობრივ კერძო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების შემუშავება-განხორციელების მიმართულებით.

ლანჩხუთის კოლეჯი 2022 წელს უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯის ბაზაზე იგეგმება დუალური, მოკლევადიანი და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი დარგების მიმართულებით.

ლანჩხუთის კოლეჯის მშენებლობით გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება. შედეგად, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

Previous articleნაძალადევის რაიონში კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო
Next articleხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა