ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

სოფელ წყრუთში ამ ეტაპზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორსართულიანი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები. ასევე, ეზოში მოეწყობა ბავშვების გასართობი სივრცე, გამწვანება, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები და დაიგება დეკორატიული ფილები.

სოფელში წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი 90-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 877 157 ლარია გათვალისწინებული.

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სხვილისში. პროექტის ფარგლებში, სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 369 295 ლარი იხარჯება.

Previous articleქალაქ ამბროლაურში „სანაპიროს“ ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს