გრძელდება მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის.
ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რამაც შესაძლებელი გახადა ბიზნესისთვის ამოქმედებულიყო საკომპენსაციო პაკეტი და შეღავათები.
2021 წლის ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან ტურისტულ სექტორში, ასევე სასტუმროები, რესტორნები და სხვ. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, რომლებშიც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი.
ასევე, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვ.) ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გასული წლის თებერვალ-მაისის გადავადებული საშემოსავლო გადასახადიც, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას.
2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელს უფლება ეძლევა ბიუჯეტში არ გადაიხადოს 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი (1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში) – საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს.
2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა – შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
2020 წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ მოდელზე გადავიდა, რაც საშუალებას იძლევა, რომ 2021 წელს ერთ მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდეს ბიზნესს.