„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, – ირაკლი ღარიბაშვილი
აღნიშნულ თემაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ავიაციის პარკის განახლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის ნაწილია. მისი განცხადებით, მომავალ წელს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება.
„2018 წელს დასრულდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და ჩვენ მივიღეთ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ებრაელ პარტნიორებთან, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.