USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას შექმნას თანამედროვე, გლობალურად ინტეგრირებული კაპიტალის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირობაა მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდისთვის. როგორც USAID-ის საქართველოს ოფისში აცხადებენ, სილქნეტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნისთვის.
“საქართველოს განვითარებადმა კაპიტალის ბაზარმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, როდესაც სამხრეთ კავკასიის უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, სილქნეტმა, გამოუშვა თავის 200 მილიონი აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციებზე მიბმული დეპოზიტარული ხელწერილები. ობლიგაციები დაშვებულია ირლანდიის მთავარ საფონდო ბირჟის, Euronext Dublin, სისტემაში. კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ საფუძველს ქმნის საწარმოების ეკონომიკური ზრდისთვის სილქნეტის მიერ დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება ადასტურებს, რომ საქართველოში იქმნება კაპიტალის ბაზრის თანამედროვე ეკოსისტემა. ეს არის მაგალითი სხვა კომპანიებისთვის იმისა თუ რა შესაძლებლობები იხსნება პორტფელური (ფასიან ქაღალდებში) ინვესტიციების მეშვეობით, რომლების გააქტიურების წინაპირობაა 2020 წელს მიღებული „საქართველოს კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონმდებლობა ქმნის ისეთ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია გლობალურად ინტეგრირებული პორტფელური ინვესტიციების განხორციელებისთვის, იგულისხმება კაპიტალის ბაზრები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქართული ბიზნესი კაპიტალის დივერსიფიცირებული წყაროებით (უცხოური და შიდა) და მომავალში ხელი შეუწყონ მათი საქმიანობის გაფართოებას. ზოგადად, პორთფელური ინვესტიციები ორი მიმართულებით შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ერთის მხრივ, ქართველ ინვესტორებს გაუმარტივდებათ უცხოურ ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ვაჭრობა, მეორეს მხრივ, ქართულ ბიზნესს გაუჩნდება წვდომა საერთაშორისო კაპიტალის უფრო ფართო სპექტრზე, რაც საწარმოებს ზრდის შესაძლებლობას მისცემთ. არსებულ რეალობაში, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ, რომ COVID-19-ის გამო ბანკები იძულებული არიან უფრო მეტად კონსერვატიული სასესხო პრაქტიკა დანერგონ, რაც ზღუდავს შიდა კაპიტალის მიწოდებას,”- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით,USAID საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით ხელს უწყობს რეფორმის განხორციელებას. “USAID-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის შექმნაში – ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყო პროცესი ახალი კანონის შემუშავების და მიღების დროს. ამჯერად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის მიერ განსაზღვრული მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვას. USAID-ი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საშუალებით, კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თანამედროვე ეკონომიკის შესაქმნელად, რომელიც უკეთ იქნება ინტეგრირებული საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ ბაზრებზეც,”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.