2020 წელს განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, მათ შორის რეაბილიტირდა ისეთი მნიშვნელოვანი გზები როგორიცაა: გორდი-ძეძილეთი, მარნეული-გუგუთი, ხორნაბუჯი-ერისიმედი, ახალქალაქი-ბავრა, წესი-ურავი, დაფნარი-ჯაპანა და მრავალი სხვა. ამასთანავე, დიდ ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში: ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულბულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.
გაიხსნა 47 კმ. ახალი ჩქაროსნული გზა და წლის ბოლომდე კიდევ 22.3 კმ გზა გაიხსნება, საერთო ჯამში, წელს ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია დეპარტამენტის არსებობის ისტორიაში.
ექსპლუატაციაში შესული მონაკვეთების გათვალისწინებით, 2021 წლიდან თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 სთ-ით შემცირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება.
აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტის მშენებლობა, სადაც უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება, ამ დროისათვის, სამუშაოები 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს.
2021 წელი გარდამტეხი იქნება პროექტის განხორციელებაში, საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთის პროექტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნვეყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 სთ-ით შეამცირებს.
მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2021 წელს დასრულდება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს ბაღადათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში კი უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.