ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაო გრძელდება, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი.
გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, სამეფო აბანოებისა და უნიკალური წყალსაცავის სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
კომპლექსზე დასრულდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობისა და ფასადის საკონსერვაციო სამუშაო, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. ტაძრის სახურავი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით შეიცვალა, რომლის ავთენტური ფორმის განსაზღვრაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
თანამედროვე კონსტრუქციული ჩანართებით აღდგა კომპლექსის ისტორიული მარანი, რომელიც ახლო მომავლიდან საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება. დაიწყო ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გაწმენდითი და არქეოლოგიური შესწავლის პროცესის შემდეგ, კონსერვირდა არქიტექტურული ფრაგმენტები.
უკვე დასრულდა ნაქალაქარის მთავარი გალავნისა და ციტადელის შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების ფაზაშია ქვედა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სავალი ბილიკები, საპირფარეშოები, წყალმომარაგების, განათებისა და ხანძარსაწინაარმდეგო სისტემები.
არქიტექტურული კომპლექსი აღიჭურვა საინფორმაციო ბანერებით. კეთილმოეწყო ავტოსაპარკინგე სივრცე. ნაქალაქარის არეალებზე დამონტაჟდა მხატვრული განათების სისტემა, რომლითაც ფასადები ეფექტურად წარმოჩინდა. ისტორიული კონტექსტის რეკონსტრუქციისთვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციად.
2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტიდან, ჯამში, 14 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობა 2021 წელს დასრულდება.